უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, ანდრეი ერმაკის განცხადებით, რუსები სამარცხვინოდ გარბიან ბრძოლის ველებიდან.
"რუსებმა მორიგი უაზრო დანაშაული ჩაიდინეს. ისინი [რუსები] სამარცხვინოდ გარბიან ბრძოლის ველებიდან და შურს იძიებენ უკრაინის სამოქალაქო ობიექტებზე დარტყმით. რუსი ფორმიანი ავაზაკები პასუხიმგებელნი იქნებიან თავიანთ საქციელზე. ასევე მათი ტერორისტული სახელმწიფო", - თქვა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა.
უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული ხერსონის ცენტრში უკრაინის დროშა გამოჩნდა. ადგილობრივი ჟურნალისტის, კონსტანტინე რიჟენკოს თქმით, უკრაინის დროშა წინააღმდეგობის მოძრაობის აქტივისტებმა დაამაგრეს.
9 ნოემბერს, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ ხერსონიდან ჯარების გაყვანის ბრძანება გასცა. ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა უკრაინაში რუსული ჯარების გაერთიანებული დაჯგუფების მეთაურის, სერგეი სუროვიკინის წინადადება, რომ დაწყებულიყო ჯარების გაყვანა ხერსონიდან, რასაც შოიგუ დათანხმდა.